მისთვის ეს სეზონი გაცილებით რთული იქნება - კარერა ხვიჩაზე
იტალიელმა სპეციალისტმა მასიმო კარერამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი აზრით, ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონი გაცილებით რთული იქნება, რადგან მისი თამაში შეისწავლეს.
მასიმო კარერას იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია (2014-16). ასევე, წვრთნიდა მოსკოვის „სპარტაკს“ (2016-18), ათენის აეკ-სა (2019-20) და „ბარის“ (2021).
რუსული Matchtv-ის კითხვა მასიმო კარერას:„ხვიჩას თამაში არის თუ არა რუსეთის ჩემპიონატის მაღალი დონის ინდიკატორი? ეს კარგი მაგალითია იტალიელი სკაუტებისთვის?''
მასიმო კარერა: „რა თქმა უნდა რუსეთში კარგი და ღირსეული ფეხბურთელები თამაშობენ. სკაუტთა საქმე ამაში გამოიხატება, რომ ასეთი ბიჭები იპოვონ.
თუ კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, ის იტალიაში სახელის გარეშე მოვიდა, მას არ იცნობდნენ, მაგრამ ბრწყინვალედ ითამაშა, თავი დიდებულად წარმოაჩინა. ეს სეზონი მისთვის გაცილებით რთული იქნება, რადგან მას იცნობენ. სხვა მოთამაშეებმა მისი სათამაშო სტილი კარგად შეისწავლეს. ახლა მან მისი შესაძლებლობები ისევ უნდა დაამტკიცოს''.
2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ გადავიდა, სადებიუტო სეზონში ქართველი სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა, რაც უნიკალური მიღწევაა. გარდა ამისა, მისი დიდი ძალისხმევით „ნაპოლი“ სერია ა-ს ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ახლახან France Football-მა ნომინანტები დაასახელა. საინტერესოა, რომ ნომინანტებს შორის ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელსაც დიდებული სეზონი ჰქონდა.