“მუხტი ნელ-ნელა გაქრა“ - კიტეიშვილი ესპანეთთან წაგების შემდეგ
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ესპანეთთან 1:7 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.
კიტეიშვილი:
„ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი პრესინგით თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეორე ნახევარში დავალება იყო, თავი კომპაქტურად დაგვეცვა, გატანა გვეცადა და ტაიმი მოგვეგო.
რა თქმა უნდა, შესვენებამდე დაფიქსირებული 0:4-ის შემდეგ თითქმის შეუძლებელი იყო თამაშის შემოტრიალება. მეტოქის უპირატესობა ბურთის ფლობაში სერიოზული იყო.
თუმცა, გვინდოდა, ჩვენი შანსები კონტრშეტევაზე მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, სწრაფი გოლიც გავიტანეთ. ეს პატარა მუხტი იყო, რომლითაც კიდევ რამდენიმე წუთი ვითამაშეთ, მაგრამ მათ გოლებთან ერთად ეს მუხტიც ნელ-ნელა გაქრა“.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შემდეგ მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 12 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
წყარო - 1tv