ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რა დაემართა კვარას?“ | GOAL Italia-ს სტატია ხვიჩაზე და ქართულ ფეხბურთზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიული მარცხი იწვნია და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ესპანეთთან 1:7 განადგურდა. „ფურია როხას“ გამარჯვებას ბევრი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა და ერთ-ერთი მათგანი Goal Italia გახლდათ.

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების სიმბოლო, რომელიც მომენტს კარგავს. ოცნებიდან კოშმარამდე და ნოკაუტი 1:7-ით.

„რეგრესი სერია A-ს ბოლო შეხვედრებში და იმედგაცრუება ეროვნულ ნაკრებში. კვარა არ გამოჩნდა და საქართველომ კრახი განიცადა. ფეხბურთის წამყვანმა ნაკრებებმა გადაწყვიტეს, რკინის ხელით დაბრუნებულიყვნენ, მშრომელთა გუნდს კი, რომელიც დიდხნიანი სირთულეების შემდეგ, სინათლეს ხედავს, იმედი ფაქტობრივად გადაწურული აქვს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განახლებამ დიდ ნაკრებებს თავიანთი სტატუსი დაუბრუნა, სიურპრიზების შემომთავაზებელმა გუნდებმა კი, რომლებიც უმაღლეს დონეზე სტაბილურობის დასტურის გარეშე აღმოჩნდნენ, მწარე მარცხები იწვნიეს. საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები. ყველა მათგანი ტოპ ადგილს იკავებდა, მაგრამ ყაზახეთმა და საქართველომ მათი პოზიციები შეარყიეს.

ყაზახეთმა ფინეთს ბრძოლა გაუმართა და დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა, საქართველოს კი ესპანეთმა გადაუარა. სტადიონი, სადაც მეგობრული კედლები უნდა ყოფილიყო, კვარაცხელიასთვის და კომპანიისთვის ჯოჯოხეთად იქცა...

გაზაფხულის რევოლუცია

კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მეორე ნახევარში ძალიან გაუჭირდა. სერია A-ს მეტოქეებმა მისი მოძრაობები შეისწავლეს და ხვიჩას შესაჩერებლად კარგი და ცუდი გზები შეიმუშავეს. ბოლო 13 შეხვედრაში, მის ანგარიშზე მხოლოდ ორი ასისტია, როცა მარტში, გოლებისა და საგოლე გადაცემების გრაფაში ორნიშნა რიცხვები ეწერა.

თუ კვარამ არ შემოატრიალა...

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის პროგრესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მის გარდა, ჯვაროსნებს გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და რა თქმა უნდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ. ფაქტია, რომ ხვიჩას შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავს, მაგრამ თუ კვარამ უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშა და მათ ვერ აჩვენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, საქართველოს პრობლემები ექმნება და გუნდი უბრალოდ არ მუშაობს. თუ ხვიჩას გოლი ვერ გააქვს, საქართველოს ძალიან უჭირს. ბოლო 4 შეხვედრაში, საქართველომ 4 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა. ჯვაროსნების სვლა სახიფათოდ შეჩერდა და ისინი ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მთავარი ფავორიტის სტატუსიდან, იმედისმქონე პატარა ნაკრებად იქცნენ, რომელმაც ვითარება მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოასწოროს, რათა მომავალში დიდი იმედგაცრუება თავიდან აირიდოს.

წითლების სვლა

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი დასტურია იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდს პრობლემები აქვს. შეხვედრის დაწყებამდე, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ევროპულ გიგანტთან ტოლ-სწორად თამაში შეეძლო, მაგრამ მოედანზე გამოჩნდა, რომ ქართველები დაცვაში ძალიან სუსტები არიან, შეტევაში კი ცოტა იდეა აქვთ.

როგორც კი ერთი რამ ეცემა, მას მეორე, მესამე და მეოთხე მიჰყვება... მეხუთეც იყო, მეექვსეც და მეშვიდეც. ესპანეთმა გააკეთა ის, რაც უნდოდა და ჩაკვეტაძის გოლი უნაი სიმონის შეცდომამ განაპირობა. საბოლოოდ, ფურია როხას პრობლემები არ შეჰქმნია და 7:1 იმარჯვა.

საკუთარი თავის პოვნა

ესპანეთის ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, საქართველო ოსლოში გაემგზავრება, სადაც ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიას გაეჯიბრება. საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია და თავისი ვარსკვლავის გარეშე, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გაუჭირდება. რა სჭირდება კვარას? ნაპერწკალი, რომელიც მას გონს მოიყვანს და ისევ ხელშეუხებელს გახდის. ნაპერწკალი, რომელიც ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრილ ფეხბურთელს დაგვიბრუნებს და საშუალებას მისცემს, თავის ნაკრებს მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე ადგილი დაუმკვიდროს. ნორვეგია პირველი შანსია. შემდეგაა სერია A და ჩემპიონთა ლიგა. კვარას გაჩერების უფლება არ ექნება, მან უნდა იფრინოს“, - წერს Goal Italia.

ცნობისთვის, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ კვიპროსი დაამარცხა, ნორვეგიასთან შინ ფრედ ითამაშა, შოტლანდიასთან და ესპანეთთან დამარცხდა. სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა, ანალოგიურად ნორვეგიელთა აქტივში 4 ქულაა, კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: ყველას უნდა არგენტინის დამარცხება, მით უმეტეს ახლა ჩემპიონები ვართ
მესი: ყველას უნდა არგენტინის დამარცხება, მით უმეტეს ახლა ჩემპიონები ვართ