კოშმარული საღამო და უდიდესი მარცხი ისტორიაში | საქართველო ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გამართა და ესპანეთს დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო, საშინლად იასპარეზა, ანტირეკორდი დაამყარა და 1:7 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი სანიოლის ფორმაციის „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე ცუდი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოშმარული იყო. საწყის 45 წუთში არაფერი გამოგვივიდა და ესპანეთისგან 4 ბურთი მივიღეთ. „ფურია როხამ“ პირველი მომენტი მეორე წუთზე შექმნა და ასენსიოს დარტყმის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს ურთულესი ბურთის მოგერიება მოუწია.
მე-10 და მე-14 წუთზე, მომენტები დანი ოლმოსა და რობინ ლე ნორმანს ჰქონდათ, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდათ. ესპანეთმა შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. ასენსიოს ჩაწოდების შემდეგ, მორატა მეორე სართულზე შეუდარებელი იყო და „მამარდას“ კარი თავური დარტყმით დალაშქრა.
27-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ დაბალ ბურთს კვირკველიას ავტოგოლი მოჰყვა. 3 წუთში, ესპანელებმა ჩვენი კარი კიდევ ერთხელ აიღეს, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა „ფურია როხას“ მესამე ბურთის შესაგდებად დიდი დრო არ დასჭირვებია. 38-ე წუთზე, დანი ოლმომ გაიტანა, მეორმოცეზე კი, კვირკველიას შეცდომის შემდეგ, ალვარო მორატამ დუბლი გაიფორმა. 4 გოლის გარდა, ესპანელები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უამრავი მომენტი შექმნეს, ჩვენ კი მეტოქის კარისკენ დარტყმაც კი არ გვქონია...
მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და 49-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმის შემდეგ, უნაი სიმონმა შეცდომა დაუშვა და ანგარიში 1:4 გახდა.
სამწუხაროდ, ამან მატჩის სცენარზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. 66-ე წუთზე, ალვარო მორატამ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, 2 წუთში თავი ნიკო უილიამსმა გამოიჩინა, ხოლო 74-ე წუთზე, ლამინ იამალმა შეაგდო და ორი რეკორდი დაამხო. იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა და გოლი გაიტანა. იამალი 16 წლისა და 57 დღისაა.
1:7 მარცხი საქართველოს ნაკრების ანტირეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით დანიასთან გვქონდა წაგებული, რომელმაც 6:1 მოგვიგო. „ფურია როხასთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, ჩვენს გუნდს 4 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე დაქვეითდა. „ჯვაროსნები“ მომდევნო მატჩს ნორვეგიასთან გამართავენ.