მბაპეს შემცვლელი შეარჩიეს | პარი სენ-ჟერმენი კვარას შეძენაზე ფიქრობს
ესპანურ პრესაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს წასვლისთვის ემზადება და მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს.
El Nacional-ის მიხედვით, კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება. მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და პარიზული გრანდი „კვარას“ გადაბირებაზე სწორედ მომდევნო ზაფხულში იმუშავებს.
Defensa Central-ი ოდნავ განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის და წერს, რომ ფრანგები კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავენ. მისი საფეხბურთო პროფილი კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს და თუ მბაპე წავიდა, ხვიჩას ტრანსფერს პრიორიტეტად აქცევენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „პარტენოპეის“ სურვილია, მასთან თანამშრომლობა გახანგრძლივდეს და ნეაპოლური გუნდი მის გაშვებას არ აპირებს. რამდენიმე იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ მინიმუმ 170 მილიონ ევროს ითხოვს.