ვინც ომს არ ემხრობა დავუშვათ - რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე?
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა და ომი დაიწყო, სპორტულმა სამყარომ რუს სპორტსმენებს შეზღუდვები დაუწესა და უამრავი ღონისძიებიდან მოკვეთა.
ცოტა ხნის წინ კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება გავრცელდა, რომელიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე დაშვების მომხრეა.
ბახი ამბობს, რომ მზადაა ის სპორტსმენები დაუშვან, რომლებიც ომს მხარს არ უჭერენ.
„რუსები და ბელარუსები გუნდების, ჰიმნებისა და ყვავილების გარეშე იქნებიან წარმოდგენილნი, ეს მკაფიოა. სხვა მხრივ კი ვფიქრობ, სპორტსმენები, რომლებიც საომარ მოქმედებებს მხარს არ უჭერენ, მათთვის ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება არსებობს.
ერთ მახრეს არიან რუსები, რომლებსაც სურთ, რომ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს უარვყოფდეთ. მეორე მხარეს კი არიან უკრაინელები, რომლებსაც სურთ, რომ რუსული პასპორტის მქონე ყველა სპორტსმენის სრული იზოლაცია მოხდეს, რაც ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით შეუძლებელია“.
- განაცხადა ბახმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა და 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია გეგმავს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ მასში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაიშვებიან.