პარკაძემ ვაკერ ადმირას მოაგებინა | ქართველმა ფეხბურთელმა ამხანაგურ მატჩში ითამაშა
„ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ლუკა პარკაძემ, რომელიც „ვაკერ ადმირაშია“ განათხოვრებული, ავსტრიული კლუბის მაისურით ამხანაგური შეხვედრა გამართა. „ვაკერ ადმირა“ უნგრულ „ჰალადაშს“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზე გაიხსნა და „ვაკერ ადმირა“ წინ დევისმა გაიყვანა. 69-ე და 73-ე წუთებზე, უნგრელებმა ორი გოლი გაიტანეს და 2:1 დაწინაურდნენ.
78-ე წუთზე, „ვაკერ ადმირამ“ პარკაძის გოლით გაათანაბრა. ლუკამ დევისის ჩაწოდებით ისარგებლა და დაახლოებით 12 მეტრიდან განხორციელებული თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე, პარკაძემ იაკობ ტრანცისკას გაატანინა და „ვაკერ ადმირას“ 3:2 მოაგებინა.
ცნობისთვის, „ვაკერ ადმირას“ რიგებში პარკაძის ოფიციალური დებიუტი ჯერ არ შემდგარა და სავარაუდოდ, ეს ავსტრიის ბუნდესლიგა 2-ის მომდევნო ტურში მოხდება, როცა მისი გუნდი „ფლორიდსდორფერს“ დაუპირისპირდება. მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.