დე ლა ფუენტე: „სანიოლმა კარგი სამუშაო გასწია და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა“
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა დე ლა ფუენტემ:
მძიმე თამაშს ველით. იმის გარდა, რომ ბოლო მატჩებში გაგვიჭირდა, საქართველოს ნაკრებმა პროგრესს მიაღწია და ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ჰყავს. ისინი მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ და კლასიც გაიზარდა. რთული თამაში იქნება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და ვეცდებით სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა, გუნდური ღირებულება სხვა რამაა. სანიოლმა გუნდური სულის გაჩენა და ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება კარგად მოახერხა. ამის გამო, ჩვენი მხრიდან მთავარი საფიქრალი მათი გუნდურობის წინააღმდეგ ასპარეზობა იქნება. ჩვენთვის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ის, რომელიც დღეს, ან ხვალ გვაქვს.
ყოველთვის თვალს ვადევნებდი საქართველოს ასაკობრივ გუნდებს. ვხედავ, რომ ბრწყინვალე თაობაა, რომელიც შეიძლება, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. აქედან გამომდინარე, დიდ წინააღმდეგობას ველით და ჩვენც იმავეს ვაპირებთ.
ახლა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაა. სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. არ მინდა, რუბიალესის თემაზე კომენტარის გაკეთება.
დანაკლისი არის, მაგრამ ახლა ეს მთავარი არაა. მთავარია, ვინ არის ახლა გუნდში და შემადგენლობით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ხვალინდელ თამაშში მათ უნარებს გამოვიყენებთ. მათ ბრმად ვენდობი და მათ ხარისხში დარწმუნებული ვარ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.