ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ“ - ხვიჩა ესპანეთთან მატჩის წინ

ხვალ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ჩვენი გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა კვარაცხელიამ:

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე:

ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრე და აღარ მინდა დამატებით კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ტურნირს, ალბათ არავის დარჩენია იმის გაფიქრების სურვილი, რომ ბიჭებმა რაღაც დააკლეს. ჯგუფიდან გავიდნენ, ტურნირი წარმატებულად დაასრულეს და ასახელეს საქართველო. სამწუხაროა, რომ ისრაელთან დამარცხდნენ, მაგრამ თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ. 

რამდენიმე ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა და რომ ჩამოვსულიყავი, ამ ფეხბურთელების შესახებ შესაძლოა, საერთოდ არაფერი გაგეგოთ. ჩემი არ ჩამოსვლა ტრავმის მიღების საშიშროებით არ ყოფილა განპირობებული. ეს ბიჭები ბოლო ორი წელი ერთად თამაშობდნენ და რომ არ ჩამოვედი,  შესაძლოა, ამ ბიჭებისთვის და გუნდისთვის უფრო კარგიც იყო.

სათამაშო დრო:

საქართველოს ნაკრებისთვის, ისევე როგორც გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. შესაძლოა, 90 წუთი არ ვიყო მზად, მაგრამ იმას არ ვიტყვი, რომ რამეს ვაკლებ. ვფიქრობ, ახლა 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ.

ოქროს ბურთის ნომინაცია:

ძალიან მოხარული ვარ ნომინაციაში რომ დამასახელეს. როცა შენი შრომა ფასდება, ეს მაბედნიერებს. მაგრამ ამ პერიოდში ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობ.

ნაპოლის განცხადება კონტრაქტის შესახებ და ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ნაპოლის, ამაზე ერთადერთს ვიტყვი, ბედნიერი ვარ იქ ყოფნით.

ევროპის ჩემპიონატზე უარის თქმაზე ნაპოლის ზეწოლა:

მე ყველაფერს გულწრფელად ვიძახი. ნაპოლის აქვს გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ფეხბურთელთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვერ გეტყვით. ერთი შემიძლია ის გითხრათ, რომ ჩემი ქვეყნისთვის თავს არასდროს დავზოგავ და 100%-ით დავიხარჯები.

კარვახალის წინააღმდეგ თამაში:

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ გიწევს თამაში. ერთ დროს მას ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი მის წინააღმდეგ ვითამაშებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ჩრდილში დამალული იარაღი“ - MARCA-ს სტატია მიქაუტაძეზე
„კვარას ჩრდილში დამალული იარაღი“ - MARCA-ს სტატია მიქაუტაძეზე