ვილი სანიოლი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, ფეხბურთელები ყველა დავალებას შეასრულებენ“ - სანიოლი მატჩის წინ

ხვალ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სანიოლმა:

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

ეს საქართველოსთვის კარგი პერიოდი იყო. თუ გავითვალისწინებთ ჯგუფში მეტოქეებს, ფეხბურთელებმა ძალიან კარგი პერფორმანსი გვაჩვენეს. ზოგადად, ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული ყველა მიმართულებით. კარგი იყო ფეხბურთელებისთვისაც. კარგად ითამაშეს საზონოვმა, კალანდაძემ და სწორედ ამიტომ არიან ისინი გუნდში. ამ ჯგუფიდან გასვლა დიდი წარმატება იყო. გულდასაწყვეტი იყო ისრაელთან წაგება მას შემდეგ, რაც ასეთ ძლიერ ნაკრებებს ვაჯობეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი უნარების გამოვლენის საერთაშორისო ასპარეზზე. ამან შედეგი გამოიღო და რამდენიმე ფეხბურთელი ევროპაში წავიდა. მაგალითად, საზონოვი იტალიაში და ა.შ., კალანდაძე კი ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდა.

ახალი ფიზ. მომზადების მწვრთნელი:

ახალ ფიზიკური მომზადების მწვრთნელს ბევრ წამყვან ქვეყანაში აქვს ნამუშევარი. დიდ როლს შეასრულებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის დროს. ზოგჯერ ახალი ხედვა საჭიროა ნაკრებში და ის სწორედ ამას შემოიტანს.

ესპანეთთან მატჩზე:

ჩვენს ჯგუფში მეოთხე მატჩია და ვერ ვიტყოდი რომ ფინალის ტოლფასია. საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტი არ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ზოგადად,  საქართველოში მოლოდინები ყოველთვის მაღალია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდი შენების პროცესშია. როგორც რომი არ აშენებულა 1 დღეში, ისე ჩვენც ვერ ვიქცევით წამყვან ნაკრებად 1 დღეში. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები ზეწოლას არ განიცდიან. იმედი მაქვს, რომ ბიჭები მოედანზე ყველა დავალებას შეასრულებენ, წარმატებისთვის ეს გადამწყვეტი იქნება.

შემადგენლობის შესახებ:

პატივს ვცემთ ყველა შეჯიბრს. მიზანი გვაქვს, რომ მომავალ წელს პლეიოფის ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვოთ. მაგრამ პლეი ოფში რომ ვითამაშოთ, ხვალინდელი მატჩი და ნორვეგიასთან შეხვედრაც კარგად უნდა ჩავატაროთ. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მათთვის ეს ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება გამოცდილების მიღების.

სატრანსფერო ფანჯარაზე:

მიხარია, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რადგან ეს ბევრ სტრესთან არის დაკავშირებული. ბევრი კარგი ტრანსფერი შედგა, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე... ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპული კლუბები ენდობიან ქართველ ფეხბურთელებს და სწორი შრომაც ფასდება.

პენალტის შემსრულებელზე:

შეცდომებს ყველა უშვებს. ფეხბურთელებიც. მე ყველას ვენდობი. ხვიჩას, მიქაუტაძეს, კიტეიშვილს. თამაშიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება მიღებული დამრტყმელზე.

ახალი ფორმაციის ესპანეთზე:

ვინც ივნისში ერთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში მათ თამაშებს უყურა, ნახავდა რომ ეს გუნდი არ ჩამოუვარდება თავისი სიძლიერით იმ ესპანეთს, რომელსაც საქართველო ბოლოს ეთამაშა. მწვრთნელი შეიცვალა და შესაძლოა ოდნავ განსხვავებული ტაქტიკით თამაშობენ, მაგრამ აშკარაა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

ტაქტიკური სიახლე:

შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან იყო ტაქტიკური ცვლილებები. ზოგადად ცვლილებები ხშირად უნდა ხდებოდეს და ერთი და იმავე ტაქტიკით არ უნდა ვთამაშობდეთ.

გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით:

არ ვაკეთებ კომენტარებს იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან გამოცხადებულნი, მაგრამ გიორგი არაბიძის შესახებ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში კარგად თამაშობს და თავის კლუბს ეხმარება. მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი ნაკრებში გამოსაძახებლად. მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი დროის პერიოდში გააგრძელოს მაღალ დონეზე თამაში და ის აუცილებლად მოხვდება შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლა ფუენტეს გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად | Sport-ის სტატია ხვიჩაზე
დე ლა ფუენტეს გეგმა ქართველი მარადონას შესაჩერებლად | Sport-ის სტატია ხვიჩაზე