გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„კვარას ჩრდილში დამალული იარაღი“ - MARCA-ს სტატია მიქაუტაძეზე

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ აიაქსის შემტევზე, გიორგი მიქაუტაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, 22 წლის შემტევი ესპანეთის ნაკრებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

რას ვკითხულობთ MARCA.com-ზე:

საქართველოში ხვიჩა კვარაცხელია არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბრწყინავს. „ნაპოლის“ ვარსკვლავის ჩრდილში იმალება „იარაღი“, რომელიც ესპანეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს: გიორგი მიქაუტაძე.

„აიაქსის“ თავდამსხმელმა ახლახან მოაწერა ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტს ხელი, ნიდერლანდებში გადასვლამდე კი საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა. მის მიერ გატანილმა 23-მა გოლმა და 8 საგოლე პასმა „მეცი“ ელიტაში დააბრუნა.

ამსტერდამში მისგან თავისი თანამემამულეების, შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის მსგავსად ბევრს ელიან. უფრო მეტიც, შოთა არველაძე მის კლუბის ლეგენდასთან შედარებასაც ბედავს. „სტილით ის ლუის სუარესს ჰგავს. არასდროს ჩერდება და ძალიან ინტელექტუალია, მაგრამ ყველაზე დიდი თვისება ისაა, რომ ნამდვილი გოლის მანქანაა. სტატისტიკა არ იტყუება“, - თქვა არველაძემ.

„მიქა“ საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ვილი სანიოლმა ის საქართველოს ნაკრებში 2021 წელს გამოიძახა. „როდესაც მწვრთნელმა დამირეკა, ბევრი აღარ მიფიქრია. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდი მაკვირდებოდა და ჩემი თამაში მოსწონდა, გასაკუთრებულად მობილურობა, მრავალმხრივობა და გოლის გატანის უნარი“, - ამბობდა მაშინ მიქაუტაძე.

„ლიონში“ გაზრდილი მიქაუტაძე საგოლე მანქანად იქცა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. 2020 წელს ის იჯარის წესით „სერენში“ გადავიდა, ბელგიის მეორე დივიზიონში, მასთან ერთად „მეციდან“ ამ კლუბში კიდევ 5 მოთამაშე გადავიდა. მან იქ იფეთქა, სადებიუტო შეხვედრაშივე პოკერი გაიფორმა და სეზონი „პიჩიჩით“ დაასრულა - 19 გოლი 21 თამაშში და „სერენი“ პირველ დივიზიონში გადაიყვანა.

ქართველი „მკვლელი“ აღიარებს, რომ „ბარსელონას“ თაყვანისმცემელია, თუმცა, მისაბაძი მაგალითი კრიშტიანუ რონალდუა: „აღფრთოვანებული ვარ კრიშტიანუთი. არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელით, არამედ მისი ყოველდღიურობითაც. ჩემს გზას მივყვები, მაგრამ გონებრივად ვცდილობ, მისი მაგალითით ვიცხოვრო“, - ამბობს მიქაუტაძე.

ერთი რამ ნამდვილად აქვთ საერთო: „მძულს წაგება“, - ამბობს „აიაქსის“ ახალწვეული, რომელიც საკუთარ თავს ასე ხსნის: „ტექნიკური, სწრაფი და გოლისკენ მიმართული. მიყვარს გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება“. ამის გარდა, ის ორივე ფეხით თამაშობს: „პატარაობიდანვე ვავარჯიშებდი მარცხენა ფეხს, ყველაზე სუსტს, რათა მარჯვენას დონემდე მიმეყვანა“.

„აიაქსის“ სპორტული დირექტორი თვლის, რომ კლუბმა ტადიჩისა და კუდუსის შესანიშნავი შემცვლელი იპოვა: „ისეთ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელსაც გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეეძლო, მაგალითად ისეთი, როგორიც დუშანია... ეთამაშა თავდასხმაში სხვადასხვა პოზიციაზე. „სერენში“ ის ფლანგზე თამაშობდა, ახლა კი შეუძლია იყოს როგორც ტიპური თავდამსხმელი, ისე ცრუ ცხრიანი“, - ამბობს სვენ მისლინატი.

ესპანეთს ნამდვილად მოუწევს სიფრთხილე, რადგან საქართველოში „იარაღი“ გათავისუფლებულია...

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U21: ევრო 2025-ის შესარჩევი - საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა
U21: ევრო 2025-ის შესარჩევი - საქართველომ გიბრალტარი დაამარცხა