„კვარას ფუნდამენტური როლი უნდა მისცეს“ - Corriere-მ გარსია გააკრიტიკა
გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში რუდი გარსიასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის ხელახლა ასამუშავებლად ფუნდამენტური როლი ქართველ ფეხბურთელს უნდა მიანიჭოს. ნომერში ხვიჩას გასული სეზონი გაიხსენეს და ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.
რა წერია სტატიაში:
ლიგის MVP ერთ ღამეში არ ხდები: 38 მატჩი გჭირდება, ყველა უმაღლეს დონეზე და ისეთი კაშკაშა შუქი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. კრიშტიანო ჯუნტოლის 2022 წლის ზაფხულის გადატრიალება კვარა იყო, რომლის ტრანსფერიც გუნდს სულ რაღაც 11 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ეს მოედანზეც დამტკიცდა და ბოლოს იტალიურმა ფეხბურთმაც აღიარა, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების დროს ბევრი არ უყოყმანია. ხვიჩა გამოირჩეოდა მკვეთრი დრიბლინგით, დამღუპველი სპრინტებით, რომელიც მცველების რყევას და შემდეგ კოლაფსს იწვევდა, გიჟური გოლების სერიით, პასებით. ეს ყველაფერი იმ ვარსკვლავური მოთამაშისკენ მიგვითითებს, რომელმაც პირველივე თამაშებიდან შეძლო ყველანაირი ეჭვის გაქარწყლება და იტალიის დაპყრობა.
მიმდინარე სეზონის სტარტზე კვარა დაღლილობის გამო „ფროზინონესთან“ არ ყოფილა, „სასუოლოსთან“ შეცვლაზე შემოვიდა, „ლაციოსთან“ კი გარსიამ მე-60 წუთზე შეცვალა. კვარა ფეხბურთის სინთეზი, ან უფრო მეტიც - კვინტესენცია, მოდელი... შთაგონება და ნიჭი, რომლითაც ყველზე რთულ დროს შეგიძლია იხელმძღვანელო, თუნდაც როგორიც გასულ შაბათს იყო.
კვარა ნორმალურობას გაურბის და თავისი პოზით გამორჩეულია. ის უკვე ტოპ-მოთამაშეა, რომელსაც არ სჩვევია ბანალურობა. ის ერთგვარი სულის რევოლუციონერია, რომელიც მზად არის გამოიგონოს ვერონიკა, გვირაბი და ნეაპოლი მომავლის ფრესკად აქციოს. კვარა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც დღეს გარსიას სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონშიუ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით მხოლოდ 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. „ნაპოლი“ კი სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
22 წლის შემტევი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება.