ფაბიან რუისი: „კვარას საფრთხის შექმნა შეუძლია, ქომაგები საქმეს გაგვირთულებენ“
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. რუისმა ხვიჩა კვარაცხელიას „ჯვაროსნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უწოდა და განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს „კვარასთვის“ მეტი ყურადღების დათმობა მოუწევთ.
„2021 წელს, საქართველოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე და მათთან სტუმრად გამარჯვება ყოველთვის ძნელია. სტადიონს კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ გულშემატკივრები ქართველ ფეხბურთელებს მუხტს მისცემენ და საქმეს პირველივე წუთიდან გაგვირთულებენ. მოედანზე კონცენტრირებული გავალთ და შევეცდებით, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ.
კვარაცხელიას რაც შეეხება, პარი სენ-ჟერმენში გადასვლამდე, ნაპოლიში მასთან წინასასეზონო ეტაპი გავიარე. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბალანსის შეცვლა შეუძლია და უდიდესი ხარისხი აქვს. კვარაცხელია სწრაფია და ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუება შეუძლია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იმ დონეზე თამაშობს, რომელიც გასულ სეზონში ნეაპოლში აჩვენა. მოგვიწევს, ცოტათი მეტი ყურადღება დავუთმოთ, რადგან ჩვენთვის საფრთხის შექმნა შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.