„ძალიან მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ“ | გორდეზიანის პირველი ინტერვიუ
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების ახალწვეულმა, ვასილიოს გორდეზიანმა ასაკობრივ გუნდში პირველ გამოძახებაზე ისაუბრა. გორდეზიანმა ნაკრებში თამაშის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ქართული მაისურით ასპარეზობა დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ. დიდი ხანია ეს მსურდა. ბიჭებთან ძალიან ახლოს ვარ და კომუნიკაცია ყოველდღიურად გვაქვს, რაც ძალიან მეხმარება და თავს უკეთ მაგრძნობინებს. ჩემთვის აქ ყოფნა საოცარი ამბავია. აქ დავიბადე და ჩემს ვენებში ქართული სისხლი ჩქეფს. ამ ბიჭებთან თამაში დიდი სიამოვნებაა“.
შეგახსენებთ, რომ გორდეზიანი „პაოკის“ რიგებში ასპარეზობს და საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში შეეძლო, თუმცა, საქართველო აირჩია. რამაზ სვანაძის გუნდი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში - 12 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.