რატომ ჩიტო და არა მერაბი | ომალიმ სასურველი მეტოქე დაასახელა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ სამომავლო გეგმებზე და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ სურს, მომდევნო ბრძოლა მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართოს და დაასახელა მიზეზი, რის გამოც, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„თუ რეიტინგს გავითვალისწინებთ და ვნახავთ, პირველი პრეტენდენტი ვინაა, მაშინ დიახ, ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი უნდა იყოს, მაგრამ ჩემპიონი ვარ და ჩიტოსთან ჩხუბი მინდა. ვნახოთ, რა მოხდება. დენა უაითს შევხვდი და მითხრა, რომ რამდენიმე კვირაში რაღაც გრანდიოზულის დაანონსებას აპირებს. ჩემი მიზანია, ყველაზე მასშტაბური ჩხუბები გავმართო და დიდი ფული ვიშოვო.
ყველამ იცოდეს, რომ ჩიტოსთან ბრძოლა იმიტომ არ მინდა, რომ დიდი სახელი აქვს და ყველაზე ცნობილია. ვერას ალბათ, მერაბზე და კორი სენდჰეგენზე დიდი სახელი აქვს, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მასთან ჩხუბი მინდა და ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ბრძოლა იქნება, ისაა, რომ ჩვენი პირველი დაპირისპირება ძალიან საკამათოდ დასრულდა. გუშინ, ჩეილ სონენმა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და 52 პროცენტს ჩემი და ჩიტოს ჩხუბის ხილვა სურს. ასე რომ, მივცეთ ხალხს ის, რაც უნდა.
მერაბის წვიმაში ჩხუბს რაც შეეხება, ძალიან სასაცილო მომენტი იყო. მგონი, აბსოლუტურად უცხო ადამიანს სთხოვა, ტელეფონი დაეჭირა და მისთვის ვიდეო გადაეღო, შემდეგ კი მაისური გაიხადა და წვიმაში დარტყმების განხორციელება დაიწყო. მერაბი მომწონს, სასაცილო ბიჭია, მაგრამ ყინულში გადახტომა და თავის გატეხა აჩვენებს, რა დონის ინტელექტი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ომალის კარიერაში ერთი მარცხი აქვს და 2020 წლის 16 აგვისტოს მარლონ ვერასთან დამარცხდა. ბრძოლის მიმდინარეობისას ომალიმ ფეხი იტკინა და ოქტაგონზე აღმოჩნდა, რითაც ვერამ კარგად ისარგებლა. ამასთან, ქომაგთა ნაწილს მიაჩნია, რომ მსაჯმა ჩხუბი ნაადრევად გააჩერა და „შუგამ“ მათ პირველ ჩხუბს საკამათო სწორედ ამიტომ უწოდა.