„ეს ყველაფერი სისულელეა“ - ნაპოლიმ ხვიჩაზე დუმილი დაარღვია
ბოლო პერიოდში, იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მოითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები არ თანხმდებიან.
სხვადასხვა ჭორების გამო, იტალიის მოქმედ ჩემპიონებს სპეციალური განცხადების გავრცელება მოუწიათ, რომელშიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.
რა წერია განცხადებაში:
ზოგიერთი მედიაორგანიზაცია აგრძელებს იმის წერას, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ინფორმაციის წყაროდ კი ფეხბურთელების აგენტები მოჰყავთ. ეს ინფორმაცია სისულელეა! „ნაპოლიდან“ არავინ, არასოდეს დალაპარაკებია მოთამაშეს კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით (მიმდინარე კონტრაქტი იწურება 4 წელში). ეს არც მაურო მელუსოს, არც მაურიციო მიშელს, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველის გაუკეთებიათ.
Alcuni media continuano a raccontare, avendo come unica fonte gli agenti del calciatore, di presunte trattative in corso per il rinnovo di Kvaratskhelia. Si tratta di “cazzate”. Nessuno del Napoli ha mai parlato del possibile rinnovo del calciatore (il cui contratto scade tra 4…
— Official SSC Napoli (@sscnapoli) September 5, 2023
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრშეთავაზება წარუდგინა, რომელიც ხელფასის მომატებას 3.5 მილიონ ევრომდე გულისხმობს, თუმცა, იწერება, რომ ხვიჩა ხელშეკრულების გახანგრძლივებას მხოლოდ 5 მილიონი ევროს ოდენობით ხელფასის მიღების შემთხვევაში დათანხმდება.