„მიეცით სატიტულო ჩხუბი“ | მერაბის მწვრთნელმა დენა უაითს უპასუხა
UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „მანქანა“ გააკრიტიკა. ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო და ალჯამეინ სტერლინგისა და მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.
„არ მესმის, პრობლემა რა არის. ალჯოს უნდა, მერაბმა ომალისთან დეკემბერში იჩხუბოს და დვალიშვილსაც იგივე მიზანი აქვს. სტერლინგმა განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლა საქართველოსთვის და მერაბისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება და ძალიან მაინტერესებს, რატომ არაა ჩანიშნული ეს ჩხუბი. შანსი არაა, მანქანამ უარი თქვას და რატომ არ ნიშნავენ ამ ბრძოლას?
ალჯო 2024 წლამდე ოქტაგონზე გასვლას არ აპირებს და ეს საჯაროდაც თქვა. ომალის დეკემბერში ჩხუბი უნდა და მიეცით მერაბი! ეს უმარტივესია და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. არ ვთვლი, რომ რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. მერაბზე ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ მისთვის სატიტულო ბრძოლა არასდროს შეგითავაზებია და ერთადერთი, რასაც ეკითხები, ისაა, მეგობართან იჩხუბებს თუ არა. ერთ-ერთ ყველაზე კარგ ბიჭს აკრიტიკებ, რომელიც ოდესმე შემხვედრია და უფლება მიეცი, ოქტაგონზე ჩემპიონთან გავიდეს.
UFC-ის ადგილას რომ ვიყო, ომალის დვალიშვილთან ვაჩხუბებდი. შონი ვარსკვლავია და წარმოიდგინეთ, რა ისტორია შეიქმნება, მან მერაბსაც რომ მოუგოს. ამის შემდეგ, მისი და ალჯოს რემატჩი ძალიან დიდ ფულს მოიტანს. მანქანა ომალის 2018 წლის შემდეგ იწვევს. დროა, ჩხუბი ჩანიშნოთ. მერაბი ნომერ პირველი პრეტენდენტია. ყველაფერი მარტივადაა. დეკემბერში ომალიმ და დვალიშვილმა უნდა იჩხუბონ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. დენა რომ ამბობს, UFC-ში მთავარია, გავარკვიოთ მსოფლიოში საუკეთესო ვინააო, ამ ორგანიზაციაში 800-მდე მებრძოლია, რომლებიც ნომერ პირველი ვერასდროს გახდებიან და საუკეთესოს სტატუსთან ახლოსაც არ არიან. მისი განცხადება მხოლოდ რამდენიმე მებრძოლს ეხება!“
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, ომალიმ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს.
რა თქვა დენა უაითმა
„საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ... ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე“.