დე ლაურენტისის კონტრწინადადება | Corriere მოლაპარაკებების ახალ დეტალებზე
ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა დღევანდელ გამოცემაში დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ქართველ ფეხბურთელს კონტრწინადადება შესთავაზა, რომელიც ხელფასის 3.5 მილიონ ევრომდე გაზრდას გულისხმობს.
რა წერია სტატიაში:
ქართველი ფეხბურთელის აგენტი ბოლო კვირების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს მართავდა. მისი უმთავრესი საზრუნავი ფეხბურთელის ხელფასის 1.4 მილიონი ევროდან, 5 მილიონამდე გაზრდაა, თუმცა, დე ლაურენტისმა კონტრწინადადება შესთავაზა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოთხოვნილ თანხებთან კვლავ დიდი სხვაობაა, თუმცა ნაპოლის პრეზიდენტი მზადაა გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და კვარას ხელფასი 3.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს. ახლა, მამუკა ჯუღელი ხვიჩასთან ერთად საქართველოში გაემგზავრა და მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 1.4 მილიონ ევროს იღებს. გასული სეზონის დასრულების შემდეგ იწერებოდა, რომ ახალი სეზონიდან ხვიჩას ხელფასი გაორმაგდებოდა და ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაგრძელდებოდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ანაზღაურების 5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.