EA Sports FC 24 | ხვიჩას და ნაპოლის ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
რამდენიმე კვირაში სპორტული ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის ახალი საფეხბურთო სიმულატორი, EA Sports FC 24 გამოვა, რომელიც როგორც უკვე ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით ყველზე პოპულარული სიმულატორის, FIFA-ს ანალოგი იქნება.
2023 წელს EA Sports-ისა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა შეწყდა და 2023 წლის სექტემბრიდან, EA Games-ი სიმულატორს ახალი სახელწოდებით გამოუშვებს, რომელსაც EA Sports FC ერქმევა.
ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა ახალ სიმულატორში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგი იქნება. თამაშის მოყვარულთათვის უცხო არაა, რომ სიმულატორში ქართველი ფეხბურთელის დებიუტი პირველად გასული წლის გამოშვებაში (FIFA 23-ში) შედგა. გამოსვლის პირველ დღეებში, ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი რეიტინგი 74 იყო, რომელიც მოგვიანებით 78-მდე, შემდეგ კი 81-მდე გაიზარდა. Ultimate Team-ის სისტემაში კი არაერთი „სუპერქარდი“ გამოვიდა და ერთ-ერთში, კვარაცხელიას რეიტინგი 96-მდეც ავიდა.
ცოტა ხნის წინ, კი 2024 წლის სიმულატორის წინასწარი რეიტინგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ვიგებთ, რომ EA Sports FC 24-ში ხვიჩას საწყისი რეიტინგი Ultimate Team-ში 86 იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, კვარას მაჩვენებელმა 12-ით მოიმატა. ამასთან, ხვიჩას ე. წ. Skill Moves-ი 5 ვარსკვლავით განესაზღვრა და Weak Foot-ზეც 5 ვარსკვლავი ერგო.
კვარაცხელიასთან ერთად, ვრცელდება „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელების რეიტინგებიც და საგულისხმოა, რომ ხვიჩას მხოლოდ ვიქტორ ოსიმენი უსწრებს, რომლის რეიტინგიც თამაშის შემქმნელებმა 88-მდე აიყვანეს. შესაბამისად, ხვიჩა მეორე ადგილზეა, ქართველის შემდეგ კი „ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო მოდის, რომელსაც რეიტინგი 85-ით განესაზღვრა.
????SSC Napoli in #EAFC24 ✅
— Fut Scoreboard (@Fut_scoreboard) September 4, 2023
Follow @Fut_scoreboard and @discovery_fut pic.twitter.com/5CxE6ibuPl
შეგახსენებთ, რომ EA Sports FC 24 ოფიციალურად 29 სექტემბერს გამოდის, თუმცა, ვინც თამაში სპეციალური პროგრამით წინასწარ შეუკვეთა, მათთვის სიმულატორი 22 სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი.