სად არის ნამდვილი კვარაცხელია? | Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე
იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეი“ 1:2 დამარცხდა, „კვარა“ კი 66-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Calciomercato-მ ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა, რომლის სათაურიც ასეთია: „სად არის ნამდვილი კვარაცხელია? გრძელი უგოლო სერია, გარსიას გავლენა და ხელშეკრულების გახანგრძლივება, რომელიც არ ჩანს“.
რას წერს Calciomercato
„ნაპოლი სანაკრებო პაუზას ცუდი განწყობით ხვდება და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ლაციოსგან იწვნია. რუდი გარსიამ და პარტენოპეიმ რამდენიმე საკითხზე უნდა იმსჯელონ და ერთ-ერთმა მათგანმა გულშემატკივრებისა და ინსაიდერების ყურადღება მიიპყრო. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე თვის წინ, ის იყო ჩემპიონი, რომელსაც მატჩების ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეეძლო, ახლა კი „ჩვეულებრივი“ ფეხბურთელივით გამოიყურება.
უგოლო სერია და გარსიას გავლენა - ესაა ფაქტორები, რომლებიც ხსნიან, 66-ე წუთზე რატომ შეცვალეს. კვარა გავიდა, რათა ადგილი რასპადორისთვის დაეთმო და ჟურნალისტები და ქომაგები გარსიას ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. ფრანგმა სპეციალისტმა ახსნა, რომ ფიზიკური კონდიციების გამო, ხვიჩას 90 წუთი თამაში არ შეეძლო და ეს არჩევანი სწორედ ამიტომ გააკეთა.
კვარა 100 პროცენტით მზად არაა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გარსიას ტაქტიკურ იდეებთან და საფეხბურთო ფილოსოფიასთან ადაპტაციას უკავშირდება. გარსიას ლუჩანო სპალეტისგან განსხვავებული ხედვები აქვს და მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი ამ საკითხზე აუცილებლად იმუშავებენ. პარალელურად, ხვიჩას უგოლო სერიაც გრძელდება და მის მიერ შეგდებული ბურთი შორეული წარსულია. ბოლო გოლი ატალანტას გაუტანა და მას შემდეგ, მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ფიორენტინასთან და სასუოლოსთან.
ქართველ ფეხბურთელს პრობლემები მოედნის მიღმაც აქვს. მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების პროცესი გაიწელა და იწერება, რომ ანაზღაურების გაორმაგების ნაცვლად, ხელფასის სახით, 5 მილიონ ევროს პლუს ბონუსების მიღება სურს. აურელიო დე ლაურენტისმა მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შეხვედრა გადადო და ნეაპოლი მისი გოლებისა და ახალი კონტრაქტის მოლოდინშია. პარტენოპეის ნამდვილი კვარაცხელიას პოვნა სჭირდება, რათა კვარადონასთან ერთად სკუდეტოსთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 16 სექტემბერს გამართავს და „ჯენოას“ დაუპირისპირდება.