აიაქსის ფრე სიტარდთან | მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში ამსტერდამის „აიაქსის“ ქართველი ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ერედივიზიონის მე-4 ტურში „აიაქსი“ სტუმრად სიტარდის „ფორტუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.
გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს, ისევე როგორც მთელ გუნდს ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა მასპინძელთა კართან ერთადერთი რეალური ეპიზოდი სწორედ მიქაუტაძემ შექმნა. მეორე ნახევარში, 81-ე წუთზე ქართველმა შემტევმა დასარტყმელი სივრცე ბრწყინვალე მოძრაობით გამოითავისუფლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი კარისკენ გაისროლა, თუმცა გიორგის მეკარემ აჯობა.
მიქაუტაძის ყველა ეპიზოდი სიტარდთან:
უნდა ითქვას, რომ ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს ჰქონდათ. მე-10 წუთზე „აიაქსის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა, ნოსლინის დარტყმული კარს დიდი მანძილით ასცდა.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა და გუნდებმაც ქულები გაიყვეს. 4 ტურის შემდეგ „აიაქსი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 17 სექტემბერს, სტუმრად, „ტვენტესთან“ ელის.