საზონოვის მამა: „წინადადება პრემიერ ლიგიდანაც გვქონდა“
„ტორინოს“ ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, რომელიც მისი აგენტი გახლავთ, საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საზონოვის საკუთარ რიგებში ხილვით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი მათგანი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გახლდათ.
„ტორინოსთან პირველი კონტაქტი მარტში გვქონდა და მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვინდოდა, უკეთეს ჩემპიონატში გადავსულიყავით და ჩვენი ამოცანა სერია A-ში ტრანსფერი იყო, თუმცა ბუნდესლიგასაც განვიხილავდით. შეთავაზება 15 კლუბისგან მივიღეთ, რომლებიც ინგლისს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ. მათმა უმრავლესობამ რეალური წინადადებით მოგვმართა.
ინგლისური კლუბისგან შეთავაზება ნამდვილად იყო და მხარეებს შორის ვიზიტები და შეხვედრებიც გაიმართა, თუმცა ჩავთვალეთ, რომ პრემიერ ლიგისთვის სათანადოდ გაზრდილი არ ვიყავით, ჩემპიონშიპზე კი უარი რიგ მიზეზთა გამო ვთქვით. გვქონდა ფინანსურად ტორინოზე უკეთესი წინადადებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია დარჩენილი და ახლა ტორინოს ღირსებას ვიცავთ“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ ორი ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 1 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება. საბა საზონოვის ახალ კლუბს მომდევნო შეხვედრა 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.