27 ქულით - საქართველო გერმანიასთან უშანსოდ დამარცხდა
Aa
Aa

27 ქულით - საქართველო გერმანიასთან უშანსოდ დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველომ გერმანიის წინააღმდეგ გამართა და 73:100 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი ილიას ზუროსის გუნდმა კარგი დაცვით დაიწყო და ერთ მონაკვეთში 4 ქულითაც ვიგებდით, თუმცა საბოლოოდ 5 დაკარგვის ფონზე ჩვენი თამაში აირია და 16:22 წავაგეთ.

მეორე მეოთხედი კიდევ უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ზუროსის ბიჭების გამარჯვებით 25:21 დასრულდა.

ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა ჩინებულად ითამაშა და მეტოქეს 13:4 გაქცევა მოუწყო. მეოთხედის მოგება სწორედ ამ მონაკვეთმა განაპირობა. დიდ შესვენებაზე გერმანელები მხოლოდ ორი ქულით იგებდნენ - 43:41.

მესამე მეოთხედში გერმანიამ თავისი კალათბურთი ითამაშა. ჩვენი შეცდომები იდეალურად გამოიყენეს და პერიმეტრიდან პრაქტიკულად თამაში დაგვისრულეს. მესამე მეოთხედი გერმანელებმა 27:14 მოიგეს.

დასკვნით მეოთხედში ბევრი არაფერი შეცვლილა. გერმანელებს კომფორტული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. საქართველოს ნაკრებმა მატჩი სრულად ჩააგდო და სრულიად ლოგიკური მარცხიც იწვნია - 73:100.

ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო. ბითაძეს 15 ქულა ჰქონდა, შენგელიას 12. მორიგი ცუდი თამაში ჩაატარა თად მაკფადენმა, რომელმაც მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო და ისიც ბოლო მეოთხედში.

გერმანელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ერთბაშად 6-მა მოთამაშემ 10+ ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი კვირას 3 სექტემბერს (11:30) ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: კვარა რეალის წინააღმდეგ, შახტარი ბარსასთან
ჩემპიონთა ლიგა: კვარა რეალის წინააღმდეგ, შახტარი ბარსასთან