ევროტურნირები: ქართველების მარცხი - სლოვანი კონფერენს ლიგაზეა, აპოელი სახლში
ევროპისა და კონფერენს ლიგებზე პლეი-ოფების განმეორებითი მატჩები გაიმართა, რომელთაგან დიდ ინტერესს ქართველი ლეგიონერების კლუბების შეხვედრები იწვევდა.
კონფერენს ლიგაზე კვიპროსის „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე ბელგიურ „გენტს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში კი სტუმრებმა 4:1 მოიგეს.
„აპოელის“ რიგებში ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყვნენ. ორივე მათგანმა 90 წუთი ითამაშა.
რაც შეეხება ევროპა ლიგაზე მოთამაშე ბრატისლავის „სლოვანს“, ვლადიმირ ვაისის გუნდს შინ კვიპროსული „არისისთვის“ 2:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა სტუმრად 2:6 განადგურდა და სექტემბრიდან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ჯაბა კანკავა სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. 23-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
გურამ კაშია პირველი მატჩის მსგავსად ამჯერადაც თადარიგში დარჩა და მოედანზე არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების 36 წლის კაპიტანმა ძირითადში ადგილი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ სლოვენიურ „ოლიმპია ლუბლიანას“ ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო.