„დემჩენკოს რეკორდული ხელფასი შევთავაზეთ, მაგრამ...“ - გორის დილას განცხადება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბი გორის „დილა“ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს შესახებ საუბრობს.
„დილას“ წარმომადგენლები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელი სპეციალისტით ბათუმური კლუბი დაინტერესდა, მათ დემჩენკოს რეკორდული ანაზღაურება შესთავაზეს, თუმცა ის მაინც „დინამოში“ წავიდა.
რა წერია განცხადებაში:
ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრეი დემჩენკო გორის „დილას“ აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.
ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრეი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გორის „დილა“ 23 ტურის 40 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ბათუმის „დინამო“ კი 49 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.