„სერია A სხვა დონეა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - საზონოვის პირველი ინტერვიუ
ცოტა ხნის წინ, იტალიურმა „ტორინომ“ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარ რიგებში საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერი. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტურინულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ტორინომ“ კი მოსკოვის დინამოს ბონუსების ჩათვლით 3 მილიონი ევრო გადაუხადა.
„ტორინოს“ ვებგვერდზე საბა საზონოვის ინტერვიუ ვრცელდება, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.
სხვა გუნდების ინტერესი და არჩევანი „ტორინოზე“:
ბოლო დღეებში დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად ვვარჯიშობდი და ახლა ტურინში ვარ. ბევრი შემოთავაზება მქონდა. მამაჩემის დიდი შრომის წყალობით აღმოვჩნდი აქ. მეც ბევრი ვიმუშავე და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.
თვისებები:
დაცვაში აგრესიულობა მიყვარს, ბურთის ფლობა არ მადარდებს. ყველა გულშემატკივარი მნახავს მოედანზე და შემდეგ შემაფასებენ.
კუთხურების დროს მეტოქის საჯარიმოში ყოფნა:
ძალიან მიყვარს გოლის გატანა, ეს ვის არ მოსწონს? ცენტრალური მცველი ვარ და კუთხურები გოლის გასატანად საუკეთესო შესაძლებლობაა. მატჩის მიმდინარეობისას ეს ჩემი თვითმიზანი არ არის. როცა შესაძლებლობა მეძლევა, მაშინ ვიყენებ.
 
 
განსხვავება რუსულ და იტალიურ ფეხბურთს შორის:
რა თქმა უნდა განსხვავება დიდია და ამისთვის მზად ვარ, აქაც სწორედ ამიტომ ვარ. ვიცი, რომ იტალიური ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ცენტრალური მცველი ვარ და იტალიური ფეხბურთი ამ როლის განსავითარებლად საუკეთესო ადგილია. იმედი მაქვს, ამ ნახტომისთვის მზად აღმოვჩნდები.
სერია A რუსეთში:
რა თქმა უნდა, სერია A-ს რუსეთში ბევრი უყურებს. მეც, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვცდილობდი ევროპაში რაც შეიძლება მეტი მატჩი მენახა, რადგან გვინდოდა საუკეთესოებისგან გვესწავლა.
თანამემამულეები სერია A-ში:
კვარაცხელიასთან ერთად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და დიდ გუნდში თამაშობს. მაგრამ „ტორინოც“ კარგი გუნდია და მოედანზე მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
მაისურის ნომერი:
15 ნომერი ავირჩიე, ეს ნომერი მქონდა „დინამოშიც“. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გვარია, რომელიც მაისურზე გაწერია, მაგრამ 15 ნომერი ძალიან მომწონს.
ფანებთან მისალმება:
მინდა ყველა გულშემატკივარს მივესალმო, ნამდვილად მოუთმენლად ველი მათთან პირველ შეხვედრას. თქვენი მხარდაჭერის იმედიც მაქვს.
„ტორინო“ ორი ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 1 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება. საბა საზონოვის ახალ კლუბს მომდევნო შეხვედრა 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.