“თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე" - არველაძე მიქაუტაძის ტრანსფერზე
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამულ კლუბთან 2028 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
იყო დრო, როდესაც „აიაქსის“ ღირსებას შოთა არველაძე იცავდა. მიქაუტაძის ტრანსფერს, ქართველი ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი გამოეხმაურა.
რას წერს არველაძე?
გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერმა ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს კონტრაქტს ხელი მეც მოვაწერე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი, კიდევ ერთი ფორვარდი და ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი შეეხება.
გიორგი საუკეთესო ადგილზე მოხვდა და დარწმუნებული ვარ, მისი როლი ამ შესანიშნავ კლუბში იქნება საკვანძო და გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელი მოკლე დროში გახდება. მასთან ერთად, მახარებს სხვა ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ტრანსფერები და იმედი მაქვს, მათი ინდივიდუალური წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ ეროვნული ნაკრების შედეგზე აისახება.“
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ამსტერდამულ კლუბში 1997/2001 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში, ყოფილმა თავდამსხმელმა „აიაქსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 125-ჯერ მოირგო, 72 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.