„ვაჩვენეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ“ | ზუროსი და შენგელია მომდევნო მეტოქეებსა და ვენესუელაზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და ვენესუელასთან მოპოვებული გამარჯვებით (70:59), საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდა.
„მაღალ კონკურენციაზე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც ვსაუბრობდით და ჩვენთვის ამ ეტაპზე ყოფნა, უდიდესი პრივილეგიაა. თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია და სლოვენიასთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, დავბრუნდით, გავერთიანდით და ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, უფრო ძლიერები ვიყოთ, ერთად ვითამაშოთ და ერთად ვიბრძოლოთ. ვენესუელა რთული მეტოქეა და ვიცოდით, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ, სამიანები ჩაეგდოთ და თამაშში დაბრუნებულიყვნენ. ყურადღება არ მოვადუნეთ და მინდა, მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო, რადგან მატჩისთვის უმაღლეს დონეზე მოგვამზადეს. მიზანს მივაღწიეთ და მეორე რაუნდში გასვლით უაღრესად ბედნიერი და ამაყი ვართ“, - განაცხადა შენგელიამ.
„პირველ რიგში, მინდა, ჩემს კალათბურთელებს მივულოცო, რადგან იაპონიაში ჩამოსვლის პირველი დღიდან მოყოლებული, საოცარი სამუშაო გასწიეს. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატს ვატარებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას ვაჩვენეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და ვართ გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ქართული სული და გული სწორედ ესაა! მიხარია, რომ მთელი ქვეყანა ბედნიერია და ამ გამარჯვებით სიამოვნებას იღებს. საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვედრა მარტივი ნამდვილად არაა და მინდა, ეს წარმატება სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, იაპონიაში მყოფ ქართველ გულშემატკივრებსა და საქართველოში დარჩენილ ქომაგებს მივულოცო. გპირდებით, რომ თავდაუზოგავად თამაშს გავაგრძელებთ და ვეცდებით, შემდეგ შეხვედრებში მაქსიმუმი გავაკეთოთ.
რას ვფიქრობ მომდევნო მეტოქეებზე? ვეთამაშებით გუნდებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, მსოფლიოზე რეგულარულად ასპარეზობენ და მედლებისთვის იბრძვიან. ბრძოლას ერთი წამითაც არ შევწყვეტთ და ვნახოთ, რას მივაღწევთ. გვესმის, რომ ძლიერ გუნდებს ვხვდებით და მათ რიგებში NBA-ის კალათბურთელები თამაშობენ, მაგრამ ვიცით, რომ მაღალ დონეზე თამაში და კონკურენციის გაწევა შეგვიძლია“, - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და გერმანიასთან და ავსტრალიასთან ერთად K ჯგუფს შექმნიან.