„ძალიან საშიშია. სტილით სუარესს ჰგავს“ - არველაძე აიაქსს მიქაუტაძეზე ესაუბრა
რამდენიმე წუთის წინ, ამსტერდამის „აიაქსმა“ საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „აიაქსმა“ მიქაუტაძის ყოფილ გუნდს, ფრანგულ „მეცს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელსაც ბონუსებით კიდევ 3 მილიონი ევრო დაემატება, ხელშეკრულება კი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე ნიდერლანდული კლუბის ისტორიაში შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება. საგულისხმოა, რომ „აიაქსის“ პრესსამსახური შოთა არველაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს.
რას ამბობს არველაძე:
მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის შემდეგ „აიაქსში“ ისევ ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი. ძალიან კარგია, რომ კლუბმა მისი მოპოვება შეძლო და ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ჩემი ქვეყნის ფეხბურთელები „აიაქსს“ წარმოადგენენ. ჩემთვის, „აიაქსი“ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტოპ-10 კლუბს შორის შედის. გიორგი საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველია. ჩვენს ნაკრებში მისი დებიუტი ცოტა ხნის წინ შედგა, მალე კი იოჰან კრუიფის არენაზე ითამაშებს. ეს საოცარი და ისტორიული ფაქტია, მისით ყველა ვამაყობთ.
ხვიჩა კვარაცხელიასთან და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მათ ეროვნულ გუნდში დიდი ეიფორია შემოაქვთ და ხალხიც ამაყობს, რომ მათი თანამემამულეები დიდ ევროპულ გუნდებში თამაშობენ.
მას გოლები გააქვს, ეს კი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. მან დაამტკიცა ეს სხვადასხვა დონეზე და ტურნირებზე. შესანიშნავი მოთამაშეა, ძალიან ტექნიკური და ნამდვილი პროფესიონალი. იცის, რისი გაკეთება შეუძლია და სწორედ იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია. ყოველთვის გოლების ძიებაშია. მე-16 ზონაში ყოველთვის კონცენტრირებულია და გამუდმებით გოლისკენ ისწრაფვის. თავისი სისწრაფით, ძალითა და მიზანდასახულობით ძალიან საშიშია. ძლიერად დარტყმა არ სჭირდება, რადგან ძალიან ზუსტია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან.
როგორც „აიაქსის“ ბევრ მოთამაშეს, ისე მიქაუტაძესაც შეუძლია სხვადასხვა სისტემებზე მორგება და პოზიციებზე თამაში. გიორგი მრავალმხრივია და თამაშობს როგორც ცენტრალურ ფორვარდად, ისე „ათიანზეც“. თუმცა, მე უფრო მეტად გოლის გამტანად აღვიქვამ, ვიდრე ასისტენტად. „აიაქსმა“ ის მეტოქის კართან უფრო ახლოს უნდა გამოიყენოს, სწორედ აქ არის საშიში. სტილით, მას ლუის სუარესს ვადარებ.
დღევანდელ ფეხბურთში, ჩემი ეპოქისგან განსხვავებით კლუბები ძალიან გაიზარდნენ. ფეხბურთელებს ყველაფერში ეხმარებიან: ეს იქნება კვება, ენის სწავლა, თუ მატჩების ანალიზი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის კლუბში სწრაფად ადაპტირდება და ეს კარგია. ამაში დაეხმარებიან და წარმატებას მიაღწევს. სულ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბურთს ბადეში მოახვედრებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ გადასვლამდე ფრანგული „მეცის“ ღირსებას იცავდა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თავი კი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში „მეცი“ ლიგა 2-ში იღებდა მონაწილეობას, სადაც მიქაუტაძე გათამაშების ბომბარდირი გახდა და სეზონის ბოლოს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.