„პირველ საშინაო მატჩს მოუთმენლად ველი“ - რაპიდმა გეილის ტრანსფერი დაადასტურა
21 წლის ბარბადოსელი ფორვარდი ტიერი გეილი გორის „დილადან“ ვენის „რაპიდში“ გადავიდა. ავსტრიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი „რაპიდში“ 2027 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ტიერი გეილი: „რაპიდი“ დიდი კლუბია საერთაშორისო რეპუტაციით, „რაპიდს“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცნობენ და ეს შესანიშნავია. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ტრანსფერია. პირველივე დღიდან საუკეთესო თვისებებს გამოვავლენ, რომ ჩემი პერფორმანსით ნდობა მოვიპოვო. მოუთმენლად ველი მთელ კლუბთან და ქომაგებთან შეხვედრას. ასევე, ჩემს პირველ საშინაო შეხვედრას“.
ბარბადოსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსისა და ჟურნალისტის, ანმარ გუდრიჯ-ბოისის თქმით, „დილა“ „რაპიდის“ წინადადებას დათანხმდა და გეილის სანაცვლოდ დაახლოებით 1.7 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა შემდეგ Sky Sport Austria-მ განსხვავებული სატრანსფერო თანხა გააჟღერა, აღნიშნული წყაროს ინფორმაციით გეილის სანაცვლოდ „დილა“ 800 000 ევროს მიიღებდა, თუმცა KURIER-ის ინფორმაციით სატრანსფერო თანხა 700 000 ევროა. ასე რომ, ამ ეტაპზე ზუსტი სატრანსფერო თანხა უცნობია, ეს საკითხი გაურკვეველია.
UEFA-ს კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ტიერი გეილმა „დუნაისკა სტრედასთან“ და პოლტავას „ვორსკლასთან“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. 21 წლის გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.