სურვილი არსებობს - კიდევ ერთი მესის ყოფილი თანაგუნდელი ინტერ მაიამიში?
როგორც მოგეხსენებათ, დევიდ ბექჰემმა „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესისთან ერთად „ბარსელონას“ კიდევ 2 ყოფილი ფეხბურთელი ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი მიიყვანა.
ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com იუწყება, რომ შესაძლოა „ინტერში“ კიდევ ერთმა ყოფილმა „ბარსელონელმა“ ითამაშოს. საუბარი არტურო ვიდალზეა, რომელიც „ბლაუგრანაში“ 2018/2020 წლებში თამაშობდა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ვიდალმა თავად შესთავაზა ბექჰემს საკუთარი თავი. ვეტერანმა ჩილელმა TNT Argentina-სთან განაცხადა:
ვიდალი:
„სიამოვნებით ვითამაშებდი ისევ ლიონელთან ერთად. მასთან ერთად ყველაფერი ადვილია. შენ უბრალოდ ბურთი უნდა გადასცე და ის ყველაფერს იზამს. არსებობს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც MLS-ის ერთ გუნდში რამდენიმე ასაკოვან ფეხბურთელს თამაში ერთად არ შეუძლია და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გადავედი აქამდე „ინტერ მაიამიში“. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა მოგვარდება სიამოვნებით ვითამაშებ მესისთან და ბუსკეტსთან ერთად.“
ცნობისთვის, ვიდალი მიმდინარე წლის 14 ივლისდან „ატლეტიკო პარანაენსეს“ ღირსებას იცავს. მისი კონტრაქტი კი 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ახალ გუნდში არტურომ ჯერჯერობით 8-ჯერ ითამაშა.