ბრძოლა 3 მეოთხედის განმავლობაში და ლუკას მაგია | სლოვენიამ საქართველო დაამარცხა
Aa
Aa

ბრძოლა 3 მეოთხედის განმავლობაში და ლუკას მაგია | სლოვენიამ საქართველო დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა სლოვენიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა. ილიას ზუროსის ბიჭებმა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ და დავმარცხდით.

კაბო ვერდესთან შეხვედრის მსგავსად, კარგი სტარტი არც სლოვენიასთან გვქონია. საწყის 4 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩავაგდეთ, რომელიც გიორგი შერმადინმა საჯარიმო ხაზიდან მოიპოვა. სლოვენიელებმა ამით კარგად ისარგებლეს და 14:2 დაწინაურდნენ, თუმცა მათ გაქცევას გაქცევით ვუპასუხეთ.

სანდრო მამუკელაშვილის პლუს ერთის შემდეგ, ანგარიში 9:15 გახდა. ამას გოგამ სამქულიანი მოაყოლა და სლოვენიელთა თავკაცმა წუთშესვენება აიღო. ტაიმაუტის შემდეგ, უკეთ საქართველოს ნაკრები გამოიყურებოდა და მამუკელაშვილის სამქულიანით პირველი მეოთხედი 17:16 მოვიგეთ.

ილიას ზუროსის ბიჭები მეორე პერიოდის სტარტზეც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და 3 ქულითაც დავწინაურდით. ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ სათანადოდ გვიპასუხეს და მეორე ათწუთეულის დასრულებამდე 5 წუთითა და 38 წამით ადრე, წინ გავიდნენ - 31:30, სამწუხაროდ, დარჩენილ 5 წუთში მხოლოდ 3 ქულა ავიღეთ, სლოვენიელები კი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუმცა მსაჯთა რამდენიმე უხეში შეცდომაც უნდა აღვნიშნოთ. სლოვენია 15:3 გაიქცა და პირველი ტაიმი 45:33 მოიგო.

ილიას ზუროსის ბიჭებმა მესამე მეოთხედი კარგად დაიწყეს და ცინცაძის სამქულიანის შემდეგ, ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიყვანეთ - 40:45. ზედიზედ მიღებული 7 ქულის შემდეგ, ლუკა დონჩიჩი ისევ ჩაირთო და საკუთარ გუნდს ულიდერა. დონჩიჩი ფენომენალური იყო, მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და მესამე მეოთხედის შემდეგ, ჩვენმა ჩამორჩენამ 13 ქულა შეადგინა. მეოთხე მეოთხედში სლოვენია წინ 22 ქულით გაიჭრა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია - 88:67.

დონჩიჩი შეუდარებელი იყო და მატჩი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით დაასრულა. ჩვენი ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა სანდრო მამუკელაშვილმაც ჩააგდო და მას 7 მოხსნაც ჰქონდა. „მამუს“ გარდა, 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ კახაბერ ჯინჭარაძემ გადალახა - 12 ქულა, 3-დან 3 სამქულიანი. ცნობისთვის, ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს გამართავს და ვენესუელას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 12:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები