„12 დღე არ უვარჯიშია და ვერ გავრისკავდი“ - რუდი გარსია კვარაზე და სასუოლოზე
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ უმასპინძლა და ოსიმენისა და დი ლორენცოს გოლებით 2:0 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში, ხვიჩა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ზუსტად ორ წუთში გუნდის კაპიტანს გაატანინა.
მატჩის დასრულების შემდეგ, განვლილი შეხვედრა ჟურნალისტებთან „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა. რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
რა თქვა გარსიამ:
მართალია, მოვიგეთ, 6 ქულა გვაქვს და ბევრიც არ გვიწვალია, მაგრამ შეტევაში უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა. 30-დან 45-ე წუთამდე მეტოქეს ბურთის ფლობის უფლება მივეცით. რაც შეეხება მეორე პენალტის ეპიზოდს, რასპადორის გამო ვწუხვარ, მაგრამ ასეც ხდება. ოსიმენმა კი გვაჩვენა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ადამიანია, რომელიც არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთელ გუნდზე ფიქრობს.
რაც შეეხება ხვიჩას, მას რამდენიმე კვირის წინ, მომზადების დროს მუხლზე პრობლემები შეექმნა. ამ ორ სავარჯიშო ბანაკზე მხოლოდ რამდენიმე წუთით ითამაშა და 12 დღე ვერ ივარჯიშა. მთელი მატჩი ვერ ითამაშებდა და მერჩივნა თადარიგიდან შემოსულიყო. მეორე ტაიმში კარგი სხვაობა შექმნა. არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მიხარია, რომ მეორე მატჩში ჩვენთან ერთად იყო. მთავარია, რომ ახლა დაბრუნდა და კარგად არის. დაღლილი მეტოქეების წინააღმდეგ მისი შემოყვანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 6 ქულით „მილანთან“ და „ვერონასთან“ ერთად ლიდერობს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ხვიჩა VS სასუოლო: