„შემოვიდა და მაშინვე ცეცლხი დაანთო“ - იტალიური მედია კვარას აფასებს
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
კუნთების გადაღლილობისგან გამოწვეული უქმობის შემდეგ, ხვიჩა მოედანს დაუბრუნდა. „სასუოლოს“ წინააღმდეგ, ქართველი ფეხბურთელი მე-60 წუთზე შეცვლიდან შემოვიდა და რამდენიმე წუთში გუნდის კაპიტან, ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. ამის გარდა, ხვიჩა ამ ნახევარი საათის განმავლობაში აქტიურობდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურამ მედიამ კვარას თამაში შეაფასა:
Calcionapoli24 – 7 ქულა: უგემრიელესი საგოლე გადაცემისთვის ორი წუთიც კი საკმარისი იყო. სხვა ფეხბურთს თამაშობს. საგოლე პასის შემდეგ, მეტოქის დაცვაში კიდევ ერთი ხვრელი დაინახა და ოლივეირას გამჭოლი გადაცემა გაუკეთა. თავისი იდეებით მარადონას და სერია A-ს ანათებს.
Eurosport – 7 ქულა: თამაშში სკამიდან ჩაერთო და მაშინვე დი ლორენცოზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა. უკეთესს ვერ ინატრებ...
Calcionapoli1926 – 7 ქულა: შემოდის და დი ლორენცოს სიგიჟე პასს უკეთებს. მისი ხარისხი საშუალოზე მაღლა დგას.
Tuttonapoli – 7 ქულა: რამდენიმე წუთი და სერია A-ს მაშინვე ახსენებს, ვინ არის ხელმძღვანელი. დი ლორენცოს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა.
Footballnews24 – 6.5 ქულა: შემოდის და ორ წუთზე ნაკლებ დროში დი ლორენცოს გოლი გაატანინა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
Tuttomercatoweb – 7 ქულა: შემოვიდა და დი ლორენცოზე გაკეთებული პასით მაშინვე ცეცხლი დაანთო. უმაღლესი, სუფთა კლასი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 6 ქულით „მილანთან“ და „ვერონასთან“ ერთად ლიდერობს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.