„ეს არის ის, რასაც მისგან ველი“ - პინედამ ლობჟანიძეზე ისაუბრა
„ატლანტა იუნაიტედის“ ქართველმა ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ MLS-ში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, მინდორზე 61-ე წუთზე გამოვიდა და 87-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლობჟანიძემ კალათბურთელ დამიან ლილარდის აღნიშვნა გაიმეორა, საათზე მიანიშნა. ფეხბურთელი ამ ჟესტით შემდეგს გულისხმობს: ''ახლა საბას დროა''. ამ თემაზე ლობჟანიძეს არაერთხელ უსაუბრია, ეს მისი საყვარელი აღნიშვნაა.
„ატლანტა იუნაიტედმა“ შინ „ნაშვილი“ 4:0 დაამარცხა. საბას გუნდი შემდეგ შეხვედრას შინ „ცინცინატის“ წინააღმდეგ ჩაატარებს (31 აგვისტო, 03:30).
მატჩის შემდეგ „ატლანტა იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამ საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა:
„საბა საქართველოდან ჩამოფრინდა, დიდხნიანი ფრენა ჰქონდა, მან პირველივე დღეს დიდი დატვირთვით ივარჯიშა. მაგალითად, გუშინ ორი ვარჯიში გვქონდა. მითუმეტეს, ეს მატჩისწინა სავარჯიშო სესიები იყო. მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო. მას არა მხოლოდ მე, არამედ ქომაგებიც ელოდებოდნენ. პირადად მე იმას ველოდებოდი, თუ როგორ მოერგებოდა ჩემს სისტემას და გაუგებდა თანაგუნდელებს.
ეს იყო ჩემთვის ის, რასაც მისგან ველი - გოლი ან საგოლე პასები. თამაშში კარგად ჩაერთო. ეს არ იყო მხოლოდ გოლი, მას გოლამდე ტიაგო ალმადასთან კარგი კავშირი ჰქონდა, ბურთი კარგად გაითამაშეს.
იმედი მაქვს, ეს გოლი თავდაჯერებას შესძენს და გუნდთან ინტეგრაციაში დაეხმარება. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მისგან კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი’’.