აინტრახტი მიქაუტაძეს კოლო მუანის შემცვლელად განიხილავს
Lequipe-ს ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტი“ გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა. გერმანულმა კლუბმა რანდელ კოლო მუანი პსჟ-ში გაყიდა და მის შემცვლელად მიქაუტაძის ვარიანტს განიხილავს. შესაძლოა, „აინტრახტმა“ „მეცს“ ოფიციალური წინადადებით მიმართოს.
ამ ეტაპზე 20 წლის გიორგი მიქაუტაძის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე „მეცი'' ქართველ თავდამსხმელს გაყიდის. ცნობილი ფრანგული გამოცემა Le10Sport-ი წერს, რომ მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონი“ და „რენი“ ჩაერთვნენ. „ლიონი“ დიდი ალბათობით ბრედლი ბრიკოლას პსჟ-ში გაყიდის, „ლიონში“ მის შემცვლელად სწორედ ქართველს განიხილავენ.
„რენი“ და „ლიონი“ მზად არიან მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„მეციდან“ მიქაუტაძის წასვლის ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, როცა კლუბის საფეხბურთო დირექტორმა პიერ დრეოსმა ქართველი ფორვარდის წასვლა ივარაუდა. როგორც დრეოსიმ Prime Video Sport France-ს განუცხადა, არის ალბათობა, რომ გიორგიმ კლუბი უახლოეს დღეებში დატოვოს:
„სავარაუდოდ, იუსუფი და მიქაუტაძე გუნდს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებენ. გიორგის საკითხი წინ მიდის და შეთავაზებების რაოდენობა მატულობს, თუმცა, იმედი მაქვს, „კლერმონთან“ მატჩში ჩვენთან იქნება, რადგან მიქაუტაძესთან ერთად უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე მის გარეშე“.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, საწყის ორ ტურში მის ანგარიშზე გოლი („მარსელთან“) და საგოლე პასია („რენისთან).