ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ვენის რაპიდი
Aa
Aa

ლოჩოშვილის ახალი ვარიანტი - ავსტრიაში დაბრუნება არ სურს

ავსტრიული KURIER-ის ინფორმაციით, ვენის „რაპიდს“ ლუკა ლოჩოშვილის დამატება სურს. გუნდის ცენტრალურმა მცველმა ნენად ცვეტკოვიჩმა ტრავმა მიიღო და ლოჩოშვილს მის შემცვლელად განიხილავენ.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ავსტრიაში დაბრუნება არ სურს. „კრემონეზეს“ ცენტრალური მცველი ამ ეტაპზე „რაპიდის“ წინადადების განხილვას არ აპირებს.

ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ზორან ბარიშიჩის გაწვრთნილმა ვენის „რაპიდმა“ შინ „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი 31 აგვისტოს ფლორენციაში გაიმართება. „რაპიდს“ კონფერენს ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა თუ „ფიორენტინას“ ბარიერს დაძლევს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „კრემონეზეს“ ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის საკუთარ რიგებში ხილვით „რაიო ვალეკანო“ ინტერესდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ლოჩოშვილი ლა ლიგის კლუბში გადადიოდა, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

Crystalsport-ის ინფორმაციით, „რაიო ვალეკანო“ ლოჩოშვილზე ფიქრობდა, მაგრამ მას მესამე-მეოთხე ვარიანტად განიხილავდა და კლუბის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. „რაიო ვალეკანოს“ „კრემონეზესთვის“ წინადადებით არ მიუმართავს და მისი ლა ლიგის წარმომადგენელ გუნდში გადასვლის შანსი არ არსებობს.

ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ცნობისთვის, 25 წლის ცენტრალური მცველი 2022 წლის ზაფხულში, ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 1.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სერია A-ს გასულ სეზონში, ლოჩოშვილმა 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები