აეკმა საზონოვს წინადადებით მიმართა | ქართველმა საბერძნეთში გადასვლა არ ისურვა
„დინამო მოსკოვის“ ქართველ ფეხბურთელს, საბა საზონოვს ბევრი მსურველი ჰყავს და მისით ევროპული კლუბები არიან დაინტერესებული. რუსული პრესის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ბერძნული „აეკი“ გახლდათ, მაგრამ საზონოვმა ის უარით გაისტუმრა.
Legalbet-ის ინფორმაციით, „აეკი“ საზონოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მას წინადადებით მიმართა. ბერძნული კლუბი მზად იყო, საბასთვის 4-წლიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა და ხელფასის სახით, ყოველწლიურად 1 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ საზონოვი რამდენიმე ევროპული კლუბის რადარზე იმყოფება. სხვადასხვა დროს, იგი „ბეშიქთაშს“, „გალათასარაის“, „ლიონს“, „ჰამბურგს“, „დინამო ზაგრებს“, „ფროზინონესა“ და „ბოლონიას“ დაუკავშირეს. ყველაზე ხშირად „ლიონზე“ იწერებოდა, მაგრამ ფრანგებმა სხვა მცველები დაიმატეს.
საზონოვს რუსულ „დინამო მოსკოვთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.