დეპაის საოცარი სტატისტიკა | ერთადერთი, ვინც აუღო, მამარდაშვილია
მემფის დეპაი „ატლეტიკოში“ შესანიშნავად გამოიყურება. „როხიბლანკოში“ გადასვლის შემდეგ, ნიდერლანდელ ფეხბურთელს საოცარი სტატისტიკა აქვს, რომლის შესახებაც „ტვიტერის“ გვერდის, Atletico Stats-ის წყალობით შევიტყვეთ.
დეპაის ლა ლიგის ეგიდით 10 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლია. მემფისს მეტოქეთა კარის 5-ჯერ ასაღებად 6 ზუსტი დარტყმა დასჭირდა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია. ნიდერლანდელს მხოლოდ ერთმა მეკარემ აჯობა...
Atlético Stats-ის მიხედვით, ერთადერთი, ვინც დეპაის ზუსტი დარტყმა მოიგერია, „ვალენსიას“ ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილია. „მამარდამ“ რთული სეივი მიითვალა და დეპაის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აიღო.
სხვათა შორის, დეპაისა და მამარდაშვილის მომდევნო დაპირისპირებას დაახლოებით 1 თვეში ვიხილავთ. 17 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:00-ზე, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „როხიბლანკოს“ საკუთარ კედლებში შეხვდება.