ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

GAZZETTA: „კვარას მოთხოვნები ოსიმენის ხელფასზეა დამოკიდებული“

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული“, - ასე დაიწყო la Gazzetta dello Sport-მა დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებული სტატია.

ცნობილი იტალიური გაზეთი წერს, რომ თუ ვიქტორ ოსიმენი უახლოეს პერიოდში „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხვიჩა კვარაცხელიაც მაღალ ხელფასს მოითხოვს.

რა წერს GAZZETTA:

ხვიჩა კვარაცხელია ამ ეტაპზე ნეაპოლში მშვიდად არის და კლუბთან პრობლემების შექმნას არ აპირებს, თუმცა, სცენარი შესაძლოა სექტემბერში შეიცვალოს. თუ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლი“ ხელფასს გაუორმაგებს (საუბარია 4.5 მილიონი ევროდან 10 მილიონ ევრომდე), რისი შანსიც ძალიან დიდია, ქართველი ფეხბურთელის მოთხოვნებიც გაიზრდება. „ნაპოლის“ ფანები მოუთმენლად ელიან მოლაპარაკებების დასრულებას, თუმცა სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა მალე იხურება და ხვიჩა კლუბის დატოვებას არ განიხილავს.

Gazzetta-მ ასევე „ნაპოლის“ გეგმებზეც დაწერა და აღნიშნა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩასთვის ხელფასის 3 მილიონ ევრომდე გაზრდას აპირებს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მამუკა ჯუღელისა და „ნაპოლის“ პრეზიდენტის შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. ხვიჩა „ნაპოლისთან“ ერთად გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები