ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდება | რას წერენ Gazzetta და Corriere ხვიჩაზე
ავტორიტეტულმა გაზეთებმა, La Gazzetta dello Sport-მა და Corriere dello Sport-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერეს. იტალიურ პრესაში „კვარას“ მომავალი აქტუალური საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც Il Mattino-მ განაცხადა, რომ ხვიჩასთვის ხელფასის გაორმაგება საკმარისი არაა და ანაზღაურების სახით, ყოველწლიურად, მინიმუმ 6 მილიონი ევროს მიღება სურს.
Corriere dello Sport-ის მიხედვით, ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს „სასუოლოსთან“, 27 აგვისტოს გასამართი მატჩის შემდეგ შეხვდება. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ. „ნაპოლი“ მზადაა, კვარაცხელიას ხელფასი გაუორმაგოს, მაგრამ ხვიჩას შედარებით მეტის მიღება უნდა.
Corriere dello Sport-ის მსგავს ინფორმაციას ავრცელებს La Gazzetta dello Sport-ი. იტალიური გაზეთის ცნობით, „პარტენოპეი“ თანახმაა, კვარაცხელიას ბონუსები დაუნიშნოს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მისი ანაზღაურება 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „კვარა“ არ აპირებს, გუნდს პრობლემები შეუქმნას და სიმშვიდეს ინარჩუნებს. თუმცა, Gazzetta ვარაუდობს, რომ თუ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და მისი ანაზღაურება 10 ან 12 მილიონი გახდა, ხვიჩას მოთხოვნაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.