დავით ლორთქიფანიძე იტალიურ პისტოიეზეში ითამაშებს
საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე კარიერას იტალიის სერია D-ს კლუბ „პისტოიეზეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იტალიური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
გასულ სეზონში „პისტოიეზე“ რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა მე-4 ლიგაში გავარდა.
დავით ლორთქიფანიძე ბერგამოს „ატალანტას“ აკადემიაში, „პადოვაში“, „არცაკენაში“, „ბრენოსა“ და „კარპიში“ ირიცხებოდა. გასული სეზონი იტალიის სერია D-ს კლუბ „რიჩონეში“ გაატარა, იტალიის რანგით მე-4 ლიგის 37 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე სერია D-ს თასის გათამაშების 6 შეხვედრაში 1 გოლითა და 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.
მას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასაკობრივ ნაკრებებში მისი თანაგუნდელები ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი იყვნენ. დავითის უმცროსი ძმა დაჩი „კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდის კაპიტანია.
შეგახსენებთ, გასული სეზონის აპრილში დავით ლორთქიფანიძე იტალიურ მედიას ყოფილ თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა:
„ხვიჩასთან ერთად თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და საქართველოს ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. მაშინაც ეტყობოდა, რომ ძალიან ძლიერი იყო და 17-წლამდე გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. კვარა ფეხბურთითაა შეპყრობილი. „რუბინში“ ყოფნისას, საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა და ყოველდღე ვარჯიშობდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ იტალიაში წარმატებით იასპარეზებდა, მაგრამ მისმა თამაშმა ცოტათი მეც გამაოცა. როცა იტალიაში ჩამოვედი, ჩემმა აგენტმა ხვიჩას ტრანსფერი სერია A-ს რამდენიმე კლუბს შესთავაზა, რომელთა შორის „ატალანტა“ და ჩრდილოეთის სხვა გრანდები იყვნენ. ყველასგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რადგან პასპორტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა და არავის უნდოდა ფსონს 16 წლის ქართველზე ჩამოსულიყო“.