პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - გაგუა სლოვანს უახლოვდება
Crystalsport-ის ცნობით, „ალავესის“ ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა „სლოვანში“ იჯარით გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბს პერსონალური კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა „ალავესთან“ კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, რომ კლუბს მისთვის „სლოვანში“ იჯარით გადასვლის უფლება მიეცა. გაგუას „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებდა და ხელშეკრულება 1 წლით, 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონი გიორგი გაგუამ ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში გაატარა, ეს ტრანსფერი მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან „სლოვანს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს და ევროპა ლიგის ფლეი-ოფშია გასული. თუ ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიმასოლის „არისის“ ბარიერს დაძლევს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ასეთ დონეზე თამაში 21 წლის ქართველი ფორვარდისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.
გიორგი გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, 2021 წლის დასაწყისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. გასული სეზონი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
მიმდინარე სეზონის ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი გაგუა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია. „ალავესმა“ მეორე ტურის მატჩი „სევილიასთან“ ჩაატარა, ამ შეხვედრაში გაგუა განაცხადში არ ყოფილა.