უცნაური ამბავი | მილანის ფეხბურთელები და მწვრთნელები შესვენებაზე გასახდელში არ შევიდნენ
სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველ ტურში, სტეფანო პიოლის „მილანი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა. „როსონერის“ შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა და მეტოქეს 2:0 სძლია, პირველი ტაიმის შემდეგ კი უცნაური რამ ვიხილეთ.
საწყისი 45 წუთის დასრულების მაუწყებელი სასტვენის შემდეგ, „ბოლონიას“ ფეხბურთელები გასახდელისკენ გაემართნენ, „მილანის“ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები კი მოედანზე დარჩნენ. ისინი სათადარიგოთა სკამთან განლაგდნენ და პიოლი საკუთარ შეგირდებს მთელი სტადიონის თვალწინ გაესაუბრა.
იტალიური DAZN-ის ინფორმაციით, სტეფანომ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ეს გადაწყვეტილება ქალაქში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო მიიღეს. გასახდელში დამონტაჟებული კონდიციონერი სიცხეს ვერ უმკლავდებოდა და მილანელებმა გასახდელში შესვლას, სტადიონზე დარჩენა ამჯობინეს.
ცნობისთვის, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, სერია A-ს პირველი ორი ტურის მატჩები ღამის საათებში იმართება. „ბოლონიასა“ და „მილანის“ მატჩისას ქალაქში 26 გრადუსი იყო.