ფანების ჩხუბი და ზურიკოს 74 წუთი - ბორდომ კაცნაკლულ აიაჩოს ვერ მოუგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „აიაჩოს“ შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
საფეხბურთო თვალსაზრისით, შეხვედრა ჩაკეტილი და არასანახაობრივი გამოდგა, თუმცა, მაყურებელმა სანახაობა სხვა კუთხით იხილა.
მე-13 წუთზე „ბორდოს“ გულშემატკივრებმა საკუთარი ტრიბუნებიდან დამცავი ჯებირები გაარღვიეს და მასპინძელთა ტრიბუნასთან მივარდნენ, რასაც ადგილობრივებთან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. შედეგად, მთავარ მსაჯს მატჩის თითქმის 1 საათით შეჩერება მოუწია, სიტუაცია კი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ჟირონდელი ფანები სტადიონის ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათზე განახლდა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, თამაში საკმაოდ მძიმე გამოდგა და მთავარ მსაჯს მასპინძელთა ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენებაც მოუწია. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, რომელიც „ბორდომ“ 54-ე წუთიდან მიიღო, მატჩის მოგება ვერ შეძლო.
დღევანდელი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ზურიკო დავითაშვილმა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და მთავარმა მწვრთნელმა 74-ე წუთზე შეცვალა.
3 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 3 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 26 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ამიენის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.