მანჩესტერ იუნაიტედმა მეისონ გრინვუდი გუნდიდან გაუშვა
მეისონ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „წითელი ეშმაკების“ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
კლუბის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, თუმცა, მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებენ. „წითელი ეშმაკები“ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შიდაგამოძიებასაც აწარმოებდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც გრინვუდის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
რა წერია განცხადებაში:
ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დავასკვენით, რომ ინტერნეტში გავრცელებული მასალები არ იძლევა სრულ სურათს იმის შესახებ, რომ მეისონმა ის დანაშაული ჩაიდინა, რაშიც ბრალი ედებოდა. ამავდროულად, მეისონი საჯაროდ აღიარებს, რომ მან გარკვეული სახის შეცდომები დაუშვა, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს.
ყველა მხარემ, მათ შორის მეისონმა იცის, რომ მისთვის რთულია კარიერის განახლება „მანჩესტერ იუნაიტედში“. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ორივე მხარისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ ყველაფერი „ოლდ ტრაფორდს“ გარეთ გაგრძელდება. ახლა მეისონთან ოპტიმალური გამოსავლის საძიებლად ვმუშაობთ.
Club statement.#MUFC
— Manchester United (@ManUtd) August 21, 2023
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი 2022 წლის იანვარში, მის პარტნიორზე ფიზიკური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში ბრიტანეთის სასამართლომ მეისონ გრინვუდი უდანაშაულოდ ცნო.