პსჟ გაკვირვებულია | ელოდნენ, რომ რეალისგან მბაპეზე წინადადებას მიიღებდნენ
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები გაკვირვებული არიან, „რეალისგან“, კილიან მბაპეს თაობაზე, წინადადება რომ ვერ მიიღეს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს და აცხადებს, რომ ფრანგული გრანდი კლავინდებურად ცდილობს, იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს.
გასულ კვირაში, საფრანგეთში კატარის წარმომადგენელი ჩავიდა და ფეხბურთელის გარემოცვას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, იგი კმაყოფილი დარჩა და უახლოეს დღეებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც შესაძლოა, კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი დაესწროს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ და თვლიან, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. გადაწყვეტილი არაა, რომ მბაპე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, უბრალოდ, მხარეებს სურდათ, ზედმეტი დაძაბულობა მოეშორებინათ.
AS-ის ცნობით, ფრანგულ გრანდს არ სურს, გარისკოს და კილიანი უსასყიდლოდ დაკარგოს. თუმცა, ალ-ხელაიფის თავდაპირველი მიზანი მიმდინარე სეზონში მისი შენარჩუნება იყო. კატარელებმა მბაპეს განუცხადეს, რომ თუ წასვლა უნდა, საკუთარი პოზიცია საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, რაც ჯერ არ მომხდარა. მოკლედ, მბაპეს სატრანსფერო საგა ისევ გრძელდება და უახლოეს პერიოდში ბევრ განსხვავებულ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.