ბელინგემი: “წინა სეზონთან შედარებით 10-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი ვარ“
ჯუდ ბელინგემი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო სეზონის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა. ამ და სხვა თემებზე ინგლისელი ფეხბურთელი RTMV-ის ესაუბრა.
ბელინგემი:
„გოლების გატანა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა. მსურს ისე ვითამაშო, რომ გუნდს გამარჯვებებში დავეხმარო. ვიცი, რომ მოედანზე თანაგუნდელები ხშირად მეძებენ. ჩემთვის გოლებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია „რეალმა“ წარმატებას მიაღწიოს.
ვფიქრობ, გასულ სეზონზე 10-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი ვარ. ჩემი თანაგუნდელებისგან უამრავ რამეს ვსწავლობ. „რეალში“ ძალიან მაღალი დონეა და კიდევ უფრო მეტად გავუმჯობესდები. ამ ყველაფრის საშუალება მადრიდში მაქვს.
აქ გულშემატკივრებიც განსაკუთრებულები არიან. მიხარია, რომ მათი სიხარულის მიზეზი რიგ ეპიზოდებში მე ვარ. ამ ყველაფერს გავაგრძელებ და გპირდებით, რომ არაერთხელ გაგახარებთ. ბავშვობაში, ტელევიზორში ბევრჯერ მინახავს „რეალის“ ქამბექი. ხშირად მიფიქრია, რომ ამას ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ შეუძლებელი არაფერი ჩანს.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „სამეფო კლუბს“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა. ბელინგემმა ორ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.