37 წლის მერებაშვილმა დუბლი შეასრულა და პირველ გუნდში დააწინაურეს
CrystalSport-ის ცნობით, „პოდბესკიძეს“ მოთამაშე-მწვრთნელმა გიორგი მერებაშვილმა „პოდბესკიძეს“ მეორე გუნდში, რომელიც რანგით მეოთხე ლიგაში გამოდის, დუბლი შეასრულა. ამ მატჩში 37 წლის ფეხბურთელმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ პირველ გუნდში დააწინაურეს.
დაახლოებით ერთი კვირაა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. „პოდბესკიძეს“ პირველი გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, უახლოეს ოფიციალურ მატჩს გდანსკის „ლეხიასთან“ სტუმრად ჩაატარებს (25 აგვისტო). შესაძლოა, ამ შეხვედრაში გიორგი მერებაშვილმა ითამაშოს.
ფეხბურთელის კარიერის პარალელურად მერებაშვილი „პოდბესკიძეს“ 19-წლამდე გუნდის მწვრთნელია.
მერებაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები პლოცკის „ვისლაში“ გაატარა (2016-21), ამ გუნდში 136 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი შეასრულა. 2021 წლის ზაფხულში, ერთი სეზონით, „პოდბესკიძეში“ გადავიდა (33 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი).
2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში პოლონეთის რანგით მეორე ლიგის „სანდეციაში“ თამაშობდა, ნახევარ სეზონში გუნდი დატოვა და გასულ ზამთარში „პოდბესკიძეში“ განსხვავებულ ამპლუაში, მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა. გარდა იმისა, რომ მწვრთნელობის სახით ახალ პროფესიას სწავლობს, კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რამაც პირველ გუნდში დაწინაურება განაპირობა. კონტრაქტის მიხედვით, პირველ გუნდში თამაშის უფლებაც აქვს.
2008-19 წლებში მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო.