გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო
Aa
Aa

პოსტი ვაკანტურია - გეგუჩაძე ბათუმის დინამოს აღარ გაწვრთნის

CrystalSport-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოსტი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს მისი გაშვება არ სურდა, „სამტრედიასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გუნდიდან წასვლა გეგუჩაძემ თავად გადაწყვიტა და დღეს მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ 2018 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, შემდეგ კი ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო (2021), თუმცა გეგუჩაძის გუნდის გამოსვლა ევროტურნირებზე წარუმატებლად შეფასდა.

გეგუჩაძის ხელმძღვანელობით აჭარულმა კლუბმა ევროტურნირებზე საუკეთესო შედეგი 2021-22 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა კონფერენს ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სან მარინოს „ტრე პენე“ 7:0 დაამარცხა, ბორისოვის „ბატეს“ 4:2 სძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „სივასპორთან“ დამატებით დროში დამარცხდა (2:3).

მიმდინარე ზაფხულში ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური „ტირანას“ ბარიერი ვერ დაძლია, რასაც გეგუჩაძის მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა. კლუბის ქომაგები „პირატები“ პროტესტის ნიშნად მატჩებს აღარ ესწრებოდნენ, მათი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის შეცვლა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები